ბრიუგე და გენტი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ…. Vol2

ბელგიის შესახებ წერა ჩემი საყვარელი გუნდის თამაშის გამო შევწყვიტე, რომელმაც კვლავ ვერ მოიგო :/ :/ პირველ ნაწილში ბრიუსელზე ამომწურავად ვისაუბრე, შევეხე როგორც ფრენის, ასევე ტრანსფერის, საცხოვრებელი ადგილის შერჩევის და აუცილებლად სანახავი ადგილების თემას, ამიტომ ახლა პირდაპირ შოკოლადის ბრიუგეში და გენტში გადავინაცვლებ.

ბრიუსელიდან ბრიუგეში სამგზავროდ ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი მატარებელია. რკინიგზის მთავარი სადგური ქალაქის ცენტრშია, სადაც ჩვენი საცხოვრებლიდან 15 წუთიანი სეირნობის შემდეგ მივედით. ბრიუსელიდან ბრიუგემდე ჩასვლას 1 საათი და 30 წუთი სჭირდება, მათ შორის კი ზუსტად შუაში გენტი მდებარეობს. გადავწყვიტეთ დილით ადრე ბრიუგეში ჩასვლა, ქალაქის დათვალიერება და იმ საღამოსვე გენტში დაბრუნება, სადაც კიდევ 2 დღე დავრჩებოდით.

მატარებლის ბილეთების ყიდვა online შეგიძლიათ ან სადგურშივე სალაროებში. ღირებულებას რაც შეეხება: ბრიუსელიდან ბრიუგემდე (რომელსაც იქაურები “ბრუჟ”-ად მოიხსენიებენ) და შემდეგ ბრიუგედან გენტამდე 2 ადამიანისთვის ბილეთები 34 ევრო დაგვიჯდა, რაც არც ისე ცოტაა (ზოგადად ბელგიაში მგზავრობა საკმაოდ ძვირია, აეროპორტიდან ტრანსფერშიც კი იმაზე მეტი გადავიხადეთ ვიდრე თვითმფრინავის ბილთში). ევროპაში მატარებლით მგზავრობა ცალკე ბედნიერებაა, წარმოიდგინეთ კომფორტულ სავარძელში მოკალათებულები, თქვენი საყვარელი მუსიკის ფონზე როგორ უყურებთ დიდი სისწრაფით მიმავალი მატარებლის ფანჯრებიდან სიმწვანეში ჩაფლული პატარ-პატარა სოფლების პანორამას.როგორც პირველ ნაწილში ვთქვი, ბილეთები აქაც არავის შეუმოწმებია.

260719-bruges

თუ თქვენც მხოლოდ ერთი დღე მოგიწევთ ბრიუგეში ყოფნა, მაშინ ჩანთები შეგიძლიათ მატარებლის სადგურზე ავტომატურ საცავში შეინახოთ, რომლის ფასებიც 3 ევროდან (12 საათით შესანახად) იწყება და კაბინის ზომაზეა დამოკიდებული. მატარებლის სადგურიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად  საუკეთესო გამოსავალი ფეხით წასვლაა. სადგურის წინ გადაკვეთავთ ქუჩას და აღმოჩნდებით ტურისტული რუქის წინ, რომელიც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ისედაც პატარა ქალაქში გადაადგილებას. ჩვენც რუქის მიხედვით გზას მარცხნივ გავუყევით და ვიწრო, ფერადი სახლებში ჩაფლულ და მყუდრო ქუჩებზე აღმოვჩდით. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სიწყნარით, სიმწვანით, ჰოლანდიური კულტურისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის ტიპის ფერადი სახლებით, ორიგინალური წარწერებით, პატარა ხიდებითა და არაჩვეულებრივი პეიზაჟებით.  რამდენიმე წუთია სეირნობის შემდეგ ქალაქის ტურისტული ნაწილის ცენტრალურ ქუჩაზე აღმოჩდებით, სადაც ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, რაც ქუჩაში ბედნიერი სახით მოსეირინე ადამიანების დიდ რაოდენობას განაპირობებს. აქვე წააწყდებით ბევრი ცნობილი ბრენდის საფირმო მაღაზიებს, სადაც მართალია ფასები არც ისე იაფია (ტურისტული ზონის გამო), თუმცა მყიდველების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან :).  ფერადი სახლები, ჰოლანდიური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დიზაინი, კათოლიკური ტაძრები, პირქუში კოშკები, მდინარეებზე გადებული უამრავი პატარა ხიდები და მწვანე სკვერები ბრიუგეს დაუვიწყარ ქალაქად აქცევს, რომელიც სულ მისკენ გიზიდავს და გინდება უბრალოდ ძალიან ძალიან მაგრად ჩაიხუტო. მაღაზიებით გადატვირთული ქუჩიდან რამდენიმე წუთში ცენტრალურ მოედანზე აღმოჩნდებით, რომელიც ძალაუნებურად გიბიძგებთ პანორამული ფოტოები გადაიღოთ. აუცილებლად შეამჩნევთ თუ როგორი განსხვავებულია მოედნის ოთხივე მხარეს განლაგებული შენობების დიზაინი და არქიტექტურა. შენობებს შორის გამავალ გზას კიდევ ერთ მოედანზე გავყავართ, სადაც აუცილებლად გეცემათ პატარა მოძრავი ჯიხურიდან გამომავალი ბელგიური ვაფლის სუნი, თუ ბრიუსელში ბოლომდე ვერ იჯერეთ გული ამ ტკბილეულობით, აქ შეგიძლიათ კიდევ რამდენიმე წუთით დაივიწყოთ დიეტა და ცხელ ვაფლზე დამდნარ შოკოლადში ჩაძირულ ბანანებს გაუგოთ გემო (მმმმმმ…… ნერწყვი მომადგა :/ ).  თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს მოედნის მეორე მხარეს განლაგებული კათოკილური ტაძარი (შესვლა უფასოა) და მუზეუმი (შესვლა 5 ევრო ღირდა), რომელთა მონახულება დროის უქმად კარგვად ნამდვილად არ ჩაითვლება. თუ გზას გააგრძელებთ ვიწრო მდინარეზე გადებულ ძველ ხიდზე აღმოჩდებით, მდინარის გაყოლებაზე აგურით ნაშენები და მწვანე მცენარეებში გახვეული ხიდების პეიზაჟი გადაგეშლებათ (კარგი ფოტოებიც გამოდის 😀 ). აქვე არის ტურისტული ნავების ერთ-ერთი სადგური, სადაც თუ წყლის ტრანსპორტის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ქალაქის ნავებით დათვალიერების ტური იყიდოთ. ჩვენ მდინარის სანაპიროს გავუყევით, მალევე ვიწრო ფერადმა ქუჩებმა შეგვითრიეს ულამაზეს ლაბირინთში. ძნელია გვერდი აუარო უცნაურ კარებებს, ფერად ფანჯრებს, საინტერესო და დეკორატიულ წარწერებს, არქიტექტურულ შედევრებს, კედლებიდან მომზირალ ქანდაკებებს, ალბათ ამიტომ ლაბირინთიდან “დასაღწევად” რამდენიმე საათი დაგვჭირდა.

bel3.jpgმთელი ბრიუგე რომ შემოიაროთ, ბელგიური შოკოლადების ქუჩას გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. წარმოიდგინეთ ვიწრო, ქვაფენილით გაფორმებული ქუჩა, სადაც ყოველ მხარეს ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზიაა, იმის წარმოდგენა კი თუ ქუჩაში როგორი სურნელი დგას, თქვენთვის მომინდია.  კვლავ რამდენიმე წუთით დაივიწყეთ ზედმეტი კალორიები და არ გამოტოვოთ ნამდვილი ბელგიური შოკოლადის გასინჯვის შესაძლებლობა. ბევრი რჩევის შემდეგ ჩვენც შევძელით სასაჩუქრედ შოკოლადების ყიდვა და სადგურისკენ მიმავალ გზას დავადექით. ცოტათი ძნელიც კი იყო ესეთი მყუდრო ქალაქის დატოვება, მაგრამ წინ გენტი გველოდებოდა……

12496178_1191431847534421_7199566139352384686_o.jpgგენტი ბრიუგესთან შედარებით გაცილებით დიდი ქალაქია. სადგურიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად შეგიძლიათ ტრამვაი და ავტობუსი გამოიყენოთ.  ჩვენ ტრამვაი ვამჯობინეთ, რომლის მთავარი ხაზი სადგურიდან გადის, ქალაქის ცენტრს შუაზე კვეთს და ქალაქის მეორე ბოლოსკენ გრძელდება. ქალაქის ცენტრიდან ჩვენს სახლამდე მოსახვედრად 10 წუთის სეირნობა საკმარისი იყო. როგორც აღმოჩდა თურქების უბანში ვცხოვრობდით, ამიტომ გარშემო მრავლად გვქონდა “თურქული დონერის” დაწესებულებები და თურქული მაღაზიები.  ზოგადად მოსახლეობა აქ მრავალ ეთნიკურია, სასაუბრო ენა კი ბრიუსელისგან განსხვავებით ჰოლანდიურია. ქალაქი ბრიუგეს მსგავსია,  ქვაფენილით გაფორმებული ქუჩები, მწვანე სკვერები, მრავლადაა კათოლიკური ტაძრები, კოშკები და ციხე-სიმაგრეები. ტაძრების გარდა ყველა სხვა ისტორიულ შენობაში მუზეუმებია მოწყობილი და შესვლაც ფასიანია. თუ სახლში კვებას გადაწყვეტთ, მთლიანად ბელგიაში სასურსათო მაღაზიებში პროდუქტის ფართო არჩევანია და ფასებიც მისაღებია. მაგრამ თუ საკუთარი მომზადებული კერძები არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში სხვადასხვა რესტორნებს ესტუმროთ (რაც იაფი არ დაგიჯდებათ). ქალაქის ისტორიული ნაწილის და ყველა აუცილებელი ადგილის დასათვალიერებლად ერთი სრული დღე საკმარისია, ყველა ადგილის შემოვლა ფეხით შეგიძლიათ, რაც ტრანსპორტის თანხას დაგაზოგინებთ.

Gent_pano.jpgაუცილებლად სანახავი ადგილებია მე-10 საუკუნის ციხესიმაგრე “Gravensteen”, წმინდა ბავოს კათედრალი, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული და დიდი კოშკით იცნობთ, მისგან ოდნავ მოშორებით “გენტის სამრეკლოა”.  სამრეკლოდან დასავლეთით 5 წუთის სეირნობის შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის ტაძარსაც მიადგებით. ქალაქში ხშირად შეხვდებით “გარყვნილ”, მისტიკურ, ისტორიული სცენის ამსახველ და ბევრ სხვადასხვა საინტერესო ქანდაკებებს.

img_8764-used.jpgთუ გენტიდან ან ბრიუგედან შარლეროის აეროპორტში გადაწყვეტთ დაბრუნებას, მაშინ საუკეთესო ვარიანტი სატრანსფერო შატლია, კომპანია ფლიბკოს ავტობუსი რკინიგზის სადგურის უკანა ქუჩაზე (სადგურის გვერდით გვირაბში გაძვრებით და ხელმარჯვნივ 15-20 მეტრში გაჩერების ნიშანს შეამჩნევთ) ჩერდება, საიდანაც ყოველ 2 საათში გადის შარლეროის აეროპორტის მიმართულებით, გზას დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი სჭირდება. ბილეთის ფასი მძღოლთან შეძენისას 19 ევროა, საიტზე ყიდვის შემთხვევაში კი 15 ევრო. მერწმუნეთ, ავტობუსიდან დანახული ბელგიური სოფლების პეიზაჟები არც ამჯერად გაგიცრუებენ იმედებს.

ვეცადე მაქსიმალურად ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია მომეწოდებინა სანამ ბელგიის გზას დაადგებოდეთ 🙂

პ.ს. ჩემმა გუნდმა დღესაც ის გააკეთა რაც ყველაზე მეტად ეხერხება – წააგო  -_-

Advertisements

One thought on “ბრიუგე და გენტი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ…. Vol2

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s