მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში

კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით.

რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს.

პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე.

ალბათ იმის თქმა არ მჭირდება, რომ ვენციაში მანქანით სიარული შეუძლებელია, ამიტომ თუ აქ ავტომობილით მოხვდებით, მისი დატოვება ქალაქის შესასვლელში მდებარე ყველაზე დიდ პარკინგზე მოგიწევთ, სადაც როგორც მახსოვს ერთი დღის ფასი დაახლოებით 15-20 ევროა.

გამოვედით თუ არა რკინიგზის სადგურიდან CANALE GRANDE-ს ნაპირას, დიდ მოედანზე აღმოვჩნდით. ალბათ ყველას, ვინც პირველად ხვდება ვენეციაში იგივე გრძნობა ეუფლება, რაც ჩვენ იმ მომენტში განვიცადეთ. ფერადი შენობები, არხზე აშენებული მასიური ხიდი, შუა საუკუნოვანი დიზაინი, კრემისფერი ქვაფენილი და ტალღების შხეფების ხმაური რამდენიმე წამში აჯადოვებს აქ ჩამოსულ დამთვალიერებლებს და იდეალურ წინაპირობას ქმნის დაუვიწყარი თავგადასავლისთვის.

venecia

დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ რა დამეწერა ვენეციის შესახებ. აქ ყველა შენობა, ყველა გასასვლელი, ყველა ხიდი, პატარა მაღაზია და საცხობი, ყველა ქანდაკება და ნავსადგომი აუცილებლად სანახავი ადგილია. არ შემიძლია ერთი, რომელიმე ადგილი გამოვყო დანარჩენებისგან, რადგანაც ვენეცია სწორედ ამ პატარა, უნიკალურ დეტალებში შეიძლება აღმოაჩინოთ.

ჩვენი სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, მანამდე მისასვლელად დაახლოებით 20 წუთი დაგვჭირდა. ვიწრო ქუჩებს პატარა ხიდები ენაცვლებოდა, ყოველ 10 მეტრში პიცერიებიდან გამოსული არომატი კი გვახსენებდა, რომ ლანჩის დრო ახლოვდებოდა.  სასტუმროში გაგვიმართლა, ერთ-ერთ ძველ შენობაში იყო განთავსებული, ხის სახურავითა და ძველი დარაბებით. ფერგადასული კედლების მიღმა  შუა საუკუნეების ვენეცია ისევ ცოცხლობდა და ჩვენც, დაბალ კარებში შევაბიჯეთ თუ არა, თითქოს, რამდენიმე საუკუნით უკან გადავინაცვლეთ.

დასვენების შემდეგ გეზი წმინდა მარკის კათედრალისკენ ავიღეთ, სადაც შესვლა უფასოა, მაგრამ ხელჩანთის და ზურგჩანთის დატოვება ორი შენობით მოშორებულ სპეციალურ გარდერობში მოგიწევთ. კათედრალი, როგორც გარედან, ასვე შიგნიდანაც შთამბეჭდავი გახლავთ.  აქვეა სან მარკოს მოედანი (Piazza San Marco), სადაც ვენეციური კარნავალის ძირითადი ღონისძიებები ეწყობა. მოედანზევეა აღმართული სან მარკოს სამრეკლო კოშკურა, რომელიც წითელი ფერის აგურით არის გაფორმებული და მოედნის მაშტაბებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მოედანი მთლიანად აქვთ მტრედებს დაპყრობილი. ტურისტებს გარს ეხვევიან და თიტქოს, სურათის სანაცვლოდ ფულს/საკენკს სთხოვენ :)) არ შეგაშინონ, საკმაოდ მეგობრულები არიან.

ზოგადად, ვენეციაში, როგორც იტალიის სხვა ქალაქებში, უამრავი სხვადასხვა ზომის, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პიაცებია (მოედნები), რომელთა  შემოვლა და ნამდვილი იტალიური გარემოს შეგრძნება ნამდვილად ღირს.

გრანდ კანიონის (დიდი არხის) გასწვრივ სეირნობისას ნაცნობ  შენობას გადავაწყდით. სწორედ ამ შენობის აივნიდან ხტება ჯონი დეპის პერსონაჟი პირდაპირ ზღვის პროდუქტების დახლებზე და მდევარს აღწევს თავს. დაახლოებით 15 წუთში კი Ponte di Rialto-ს ხიდიც გამოჩნდა, რომელიც სავსეა ტურისტებითა და შესაბამისად სუვენირების მაღაზიებით. აქვე გრანდ კანალის ნაპირზეა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც ჯეიმს ბონდს ვერ გადაურჩა და წყალში ჩაიძირა.

ვენეციაში აუცილებლად სანახავი ადგილებიდან გამოვყოფდი Doge;s Palace (ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა მთელ ვენეციაში), Bridge of Sighs-ს, Gallerie dell’Accademia, Basilica di Santa Maria Gloriosa dei Frari, Jewish Ghetto, Correr Civic Museum (Museo Civico Correr),

ქალაქში გონდოლების ტური 80 ევრო ღირს და დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება, ერთი გონდოლა 4 ადამიანს იტევს. ზოგადად ქალაქში გადაადგილებისთვის არსებოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ბორანები (ACTV), რომლებიც დაახლოებით ყოველ 5 წუთში გადიან სადგურიდან და ერთი გზის ფასი 1 ევროა (თუ სწორად მახსოვს…). ჩემი აზრით, ვენეციაში ბორანით სიარული შეცდომაა და თითოეული ქუჩა ფეხით უნდა შემოიაროთ.

ვენეციის ახლოს მდებარეობს კუნძულები მურანო და ბურანო. მურანო სწორედ ის ადგილია სადაც ცნობილი ვენეციური შუშა მზადდება, მეთევზეების კუნძული ბურანო კი თავისი ფერადი სახლებით არის ცნობილი და ბევრ ტურისტს იზიდავს. ორივე კუნძულზე მოსახვედრად შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ. თუ S. Zaccaria-დან გაყვებით 4.2. ხაზის ბორანს, დაახლოებით 40 წუთში მურანოზე აღმოჩნდებით, სადაც ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ გემიდან. იმავე ბორანით შეგიძლიათ გადახვიდეთ ბურანოზე, ერთი გზის ფასი 6.5 ევროა.

burano

გაითვალისწინეთ, რომ ვენეცია სხვა იტალიურ ქალაქებთან შედარებით ბევრად ძვირია და შესაბამისად შედარებით დიდი ბიუჯეტი დაგჭირდებათ რამდენიმე დღის აქ გასატარებლად. რაც შეეხება კვებას,  ვენეცია სავსეა პიცერიებით, მრავალფეროვანი რესტორნებით და ზღვის პროდუქტების კაფეებით. ბერგამოს მსგავსად, ამჯერადაც გუგლ მეფის შეფასებებს ვენდეთ და მოლოდინმაც გაამართლა – რამდენიმე საოჯახო პეცერიიდან ძლივს გამოვგორდით. გამოვგორდით რა, გამოგვაგორეს 😀

დაახლოებით 3 დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი გვენახა და გული გვეჯერებინა ვიწრო კანიონების გაყოლებებზე ჩამწრივებულ დერეფნებში სეირნობით. ვენეციიდან ჩვენი გზა მილანისკენ გრძელდელობდა, იქიდან კი უკან, ტალინში უნდა დავბრუნებულიყავით…

 

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s