მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან

2017 წლის დასასასრული ძალიან საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ერთდროულად და თან სრულიად დაუგეგმავად ვიყიდეთ ბილეთები ჩრდილოეთ იტალიაში (იანვარი), პარიზში (თებერვალი) და ავსტრია-ჩეხეთში (აპრილი) მოგზაურობისთვის. იანვარში ამ ყველაფერს Deep Purple-ის, Guns N’ Roses-ის, Roger Waters-ის კონცერტების ბილეთები დავუმატეთ და შეიძლება ითქვას, მთელი წლის გეგმაც გავამზადეთ. ჩვენი სიის მიხედვით, პირველად იტალიაში მოგზაურობა გვიწევდა და პოსტშიც სწორედ ამ თავგადასავალის შესახებ მინდა მოგიყვეთ 🙂

ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს Ryanair-მა ბილეთებზე ისევ დიდი ფასდაკლება შემოგვთავაზა, ჩვენც ბევრი აღარ ვიფიქრეთ და 27 იანვარი-1 თებერვლისთვის, ტალინი- მილანი (ბერგამო) – ტალინის ბილეთები სულ რაღაც 40 ევროდ ვიყიდეთ.

აეროპორტიდან ან მილანიდან ბერგამომდე

როგორც ყოველთვის, გავხსენით google map და დავიწყეთ იმ ადგილების მონიშვნა, რისი ნახვაც ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. საბოლოოდ, GOLDCAR-ის საიტიდან წინასწარ დავჯავშნეთ ავტომობილი (5 დღე სულ რაღაც 17 ევროდ) ბერგამოს აერპორტში და ბერგამოს, კომოს ტბის, ვერონას, ვენეციის და მილანის შემოვლა გადავწყვიტეთ.

ბერგამოს აეროპორტში ღამის 11 საათზე ჩავედით და პირდაპირ GOLDCAR-ის ოფისისკენ გავემართეთ, რომ მანქანა გამოგვეყვანა და AirBnb-ზე დაჯავშნილ აპარტამენტში Check-in 12 საათამდე მოგვესწრო. კომპანიის თანამშრომელმა, ძალით მომღიმარი სახითა და იტალიური აქცენტით, საკრედიტო ბარათი გვთხოვა, რომ დეპოზიტის თანხა დაეკავებინა. მეც ბედნიერმა გავუწოდე ჩემი ბარათი, მაგრამ….. ამ მომენტიდან ჩვენი საათივით აწყობილი გეგმა მთლიანად ჩამოიშალა. როგორც აღმოჩნდა, არც დებიტ ბარათს იღებდნენ და არც ქეშს. დეპოზიტის დაკავება მხოლოდ საკრედიტო ბარათიდან ხდებოდა, რომელიც არ გვქონდა. მანქანის დაჯავშნამდე Terms and Conditions-ს ყურადღებით გადავხედეთ და ეს წესიც მოგვხვდა თვალში, მაგრამ ოდნავ ბუნდოვნად ეწერა წინადადება და ჩავთვალეთ, რომ დებიტ კარტასაც იღებდნენ. კამათს აზრი არ ჰქონდა, შეცდომა დავუშვით. რამე თუ გაუგებარი იყო ჩვენთვის, თავიდანვე უნდა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია და თავი დაგვეზღვია. მოკლედ, აეროპორტის შენობაშივე ვიყიდეთ ქალაქის ცენტრალურ სადგურამდე მისასვლელი ავტობუსის ბილეთი, რომელიც 2,30 ევრო ღირდა. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე მოგხვდა თვალში მარცხენა მხარეს მდებარე გაჩერება, საიდანაც ქალაქის ცენტრისკენ გადიოდა ავტობუსები.

bergamo city panorama

დაახლოებით 15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, რკინიგზის სადგურის წინ, დიდ და ლამაზ მოედანთან ჩამოვედით, საიდანაც კიდევ 15 წუთიანი სეირნობა დაგვჭირდა, რომ ჩვენს სახლამდე მივსულიყავით. გეგმები იმ საღამოსვე შევცვალეთ და გადავწყვიტეთ მომდევნო დღეს მხოლოდ ბერგამო დაგვეთვალიერებინა, ერთი დღის შემდეგ კომოს ტბის გარშემო მდებარე სოფლები შემოვგევლო, რის შემდეგაც ვენეციაში წავიდოდით 2 დღით, საიდანაც მილანში დავბრუნდებოდით, ღამეს გავათევდით და შემდეგ დღეს უკან, ტალინში გამოვფრინდებოდით.

თუ ქუთაისიდან მალპენსაში და შემდეგ მილანში მოგზაურობთ, აუცილებლად გირჩევთ, ერთი დღით ბერგამოშიც ჩახვიდეთ. მილანის ძალიან ლამაზი ცენტრალური სადგურიდან (Milano Centrale) ბერგამოს მიმართულებით მატარებლები ყოველ 20-30 წუთში ერთხელ გადის, ერთი გზა 4.8 – 5.5 ევრო ღირს და დაახლოებით 50 წუთი სჭირდება. მატარებლიდან ბერგამოს ცენტრალურ სადგურზე უნდა ჩამოხვიდეთ და იქიდან დაიწყოთ ქალაქის აღმოჩენა.

მეორე დღეს ადრე გავიღვიძეთ, დილა მზიან ვერანდაზე, ყავით ხელში დავიწყეთ და მალევე გავემზადეთ ქალაქში გასასვლელად. ბერგამო ორი ნაწილისგან – città alta და città Bassa-სგან შედგება. ჩიტა ალტა შემაღლებულ მთაზე მდებარე ძველი ქალაქია, რომელიც გალავნითააა გარშემორტყმული და მთავარ ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს. ქალაქის ქვედა ნაწილში, იგივე ჩიტა ბასსაში კი თანამედროვე და შუა შაუკუნოვანი არქიტექტურა ენაცვლება ერთმანეთს. ფართო მოედნებით სავსე ქუჩებიდან შეიძლება უცებ ვიწრო, ფერადი დარაბებით გაწყობილ ქუჩაზე აღმოჩნდეთ, სადაც პატარა აივნიდან ხალათში გახვეული შუა ხნის ქალი ფინჯანი ყავით ხელში რაღაცას გადასძახებს თავის მეზობელს იტალიურად და თან ყველა გამვლელს ინტერესით შეათვალიერებს.

ჩვენი აპარტამენტი città Bassa-ში მდებარეობდა და გადავწყვიტეთ სეირნობით წავსულიყავით ქალაქის შუაგულისკენ. ფერად შენობებს შორის, ვიწრო ქუჩების გავლით ცენტრალურ ნაწილში გამოვედით. ქვაფენილით გაწყობილ გზას პიაცები ენაცვლებოდა, რომლებსაც კათედრალები ამშვენებდა. ქალაქის სიმშვიდეს სამრეკლოს ზარების ხმა ჭრიდა, თითქოს ყველა ქუჩას გადიოდა და ყველა დარაბის მიღმა აღწევდა. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელი მკაცრი ზამთრიდან გამოქცეულებს სუსხიანი მზე გვითბობდა მხრებს, თითქოს აქაური მზის სხივებს თბილი სუნი ასდიოდა და ნამდვილ იტალიურ არომატს გვაგრძნობინებდა. როდესაც Bassa-ს ძველი ნაწილის თვალიერებას მოვრჩით, გადავწყვიტეთ საშოპინგო ქუჩის გავლით იმ ადგილას მივსულიყავით, საიდანაც ავტობუსები ქალაქის ზედა ნაწილში, città alta-ში დადიან. კვირა დღე იყო და ამიტომაც, ასეთი პატარა ქალაქისათვის შეუსაბამოდ ბევრი ხალხი ირეოდა ქუჩებში.

თითქმის გაჩერებასთან მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ბერგამო შოკოლადის გამოფენას მასპინძლობდა. სწორედ ამიტომ იყო გზების უმეტესობა გადაკეტილი და უამრავი ხალხი ნაცვლად città alta-ში წამოსვლისა, პირქით დაბლა, პარალელურ ქუჩაზე იყრიდა თავს. ჩვენც დინებას მივყევით და მოულოდნელად იტალიური შოკოლადის სამოთხეში აღმოვჩნდით 😀

მთელ ქუჩაზე, პატარა დახლები იყო ჩამწკრივებული, რომლებიც ძლივს იტევდნენ ათასნაირი სახეობისა და ფორმის შოკოლადებს. ზოგს შოკოლადის ჩიფსები გამოეტანა, ზოგი შოკოლადის ქანდაკებებით იწონებდა თავს, ჩვენგან მარჯვნივ შოკოლადის შადრევანი იდგა, რომლის გვერდითაც იტალიელი მოხუცი შოკოლადისგან პატარა სკულპტურებს თლიდა. მარცხენა მხარეს კი დახლების ულევი რიგი იყო, საიდანაც უგემრიელესი არომატები გამოდიოდა და მაგნიტივით იზიდავდა სასეირნოდ გამოსულ ოჯახებს. ჩვენც ნებისყოფამ არ გაგვიძლო და სანამ შოკოლადის ჭამისგან პატარა ბავშვებივით არ ამოვისვარეთ, მანამდე არც კი გაგვხსენებია, რომ città alta გველოდებოდა 🙂

ბასსადან ჩიტა ალტაში მოსახვედრად ორი გზა არსებობს:

  1. ავტობუსი #1, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან გადის და ჩიტა ალტას მთავარ მოედანზე აჰყავხართ
  2. ფუნიკულიორი – მეორე შემთხვევაშიც ფუნიკულიორის სადგურამდე ფეხით უნდა მიხვიდეთ ან იგივე ავტობუსით 2-3 გაჩერება გაიაროთ.

ბილეთის ფასი 1,5 ევროა და ავტობუსშივე შეგიძლიათ იყიდოთ აპარატიდან. ბილეთი 75 წუთი არის აქტიური და ნებისმიერ ტრანსპორტში შეგიძლიათ გამოიყენოთ ულიმიტოდ, მათ შორის ფუნიკულიორზეც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გრძელი რიგი იყო ფუნიკულიორის შესასვლელთან, ჩვენ მაინც გადმოვედით ავტობუსიდან და გადავწყვიტეთ რელსებიანი ტრანსპორტით გაგვეგრძელებინა გზა. ფუნიკულიორს დაახლოებით 7-10 წუთი სჭირდება და იმავე ადგილას აგიყვანთ, სადაც ავტობუსი. სანამ ვაგონში შეხვალთ, მანამდე კონდუქტორს თქვენი ავტობუსის ბილეთი უჩვენეთ და უპრობლემოდ გაგატარებთ.

ჩიტა ალტადან კიდევ ერთი ფუნიკულიორი ადის კიდევ უფრო ზემოთ, მთის წვერზე მდებარე კოშკთან, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება მთელ ქალაქზე. გადავწყვიტეთ, ალტაში ასვლისთანავე, ფეხით მეორე ბოლოში მივსულიყავით და შემდეგ ფუნიკულიორში გადავმჯდარიყავით, რომ ბილეთს ვადა არ გასვლოდა, შემდეგ კი ზემოდან გამოვყოლოდით მთელ ქალაქს სეირნობით და ნელ-ნელა დაგვეთვალიერებინა ყველაფერი. ჩვენმა გეგმამ გაამართლა. 15 წუთში მეორე ფუნუკულიორის ვაგონში ვისხედით, რომელიც 5 წუთში ძველი სადგურის შენობაში გაჩერდა. სადურიდან მთის პირას მოწყობილ დიდ აივანზე გამოვედით, საიდანაც დანახული მზიანი ბერგამოს პანორამა ალბათ სამუდამოდ დამამახსოვრდება.

bergamo

ვიწრო ქუჩების გავლით მარცხნივ გავაგრძელეთ გზა და ნელ-ნელა თითქოს პატარა სოფლის ცხოვრებაში ჩავიძირეთ.

ეზოს ჭიშკრებს მიღმა ძაღლების ყეფა და თხის კიკინი ისმოდა. სასიამოვნო სიჩუმეს აქა-იქ მეზობლებს შორის გადაძახილი თუ დაარღვევდა და შუა ზამთარში, გაზაფხულის არომატებში ჩაძირულს, ბავშობის მოგონებებში შემორჩენილი საკუთარი სოფელის სტუმრად გაგრძნობინებდა თავს. გზის მეორე მხარეს ბერგამოს შემოგარენ სოფლებზე იშლებოდა ხედი. ტერასებად დასერილ მთებს ფერადი სახლების სილუეტები ცვლიდა, მათ შორის კი ოქროსფერი სხივებით მორთული მაღალი ნაძვები იწონებდნენ თავს.

ბერგამო

სიჩუმით გული ვიჯერეთ, უკან გამოვბრუნდით და საპირისპირო მიმართულებით წავედით. სადგურის მეორე მხარეს Castello di San Vigilio მდებარეობს, რომელიც ძველი ციხე-სიმაგრეა და მასი დათვალიერება უფასოა. მის უმაღლეს წერტილში სკვერი არის მოწყობილი, საიდანაც ბევრისთვის შესაშური პანორამული ფოტოების გადაღება შეიძლება 🙂

bergamo walk.jpegნელ-ნელა სეირნობით დავეშვით ქვემოთ. ისევ ქვაფენილით მორთული გზები, ვიწრო გასასვლელები ძველ შენობებს შორის, ქალაქის გალავანში დატანილი დიდი კარიბჭე,  პიცერიები და სავაჭრო მაღაზიები, უამრავი მოსეირნე და ველოსიპედისტი – ეს იმის მოკლე აღწერაა თუ რა გვხვდებოდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. გუგლ მეფის რეკომენდირებულმა პიცერიამ სრულიად გაამართლა და გემრიელი ლანჩი გამოგვივიდა. მალე ჩიტა ალტას მთავარ მოედანზე – Piazza Vecchia-ზე გამოვედით, სადაც დიდი მოედნის გარშემო სამი სრულიად განსხვავებული კათედრალი დგას. შიგნით შესვლისას, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ესეთი ვიწრო ფასადის მიღმა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და საოცრად გაფორმებული ტაძრის დარბაზი დაგვხვდებოდა. კათედრალების შიდა მოხატულობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარმა, უბრალოდ გაოცებულები ვიდექით, ჭერს შევცქეროდით და ვიხსენებდით მსგავი მაშტაბების ნამუშევარი ვატიკანის გარდა სადმე თუ გვქონდა ნანახი.

bergamo bridge.jpegამასობაში მზემ გადასვლა დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ სხივებით გახალისებულმა ქუჩებმა თითქოს თავიანთი რეალური, გაყინული მხარის ჩვენება დაიწყეს. მალევე ჩამოვედით პირველი ფუნიკულიორის ზედა სადგურთან, რომლის მარჯვენა მხარეს გალავნის მთავარი ნაწილი და ცენტრალური კარიბჭე მდებარეობს, რომელიც იუნესკო მიერ დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. კარიბჭის გვერდით, გალავნის თავზე ხალხით სავსე სკვერს შევეფარეთ. მზის სხივები აქ ჯერ კიდევ აღწევდნენ და კარგ შესაძლებლობას გვაძლევდნენ, რომ ქალაქის ქვედანა ნაწილზე გადაშლილი ხედით გვესიამოვნა.

დასვენების შემდეგ ჩიტა ალტას კარიბჭის გავლით, ნელ-ნელა ქალაქის ქვედა ნაწილისკენ, ბასსასკენ დავეშვით. შოკოლადის დახლების გარშემო ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილიყო, გადაკეტილი ქუჩები საზეიმოდ ხმაურობდა, საკარნავალოდ გამოწყობილი ბავშვები ერთმანეთს დასდევდნენ, უფროსები ცდილობდნენ ძაღლები გაეკავებინათ. ჩვენ კი პირდაპირ სახლისკენ მივდიოდით, დრო იყო ცოტა დაგვესვენა.

როგორ ვიპოვოთ კარგი საკვები ადგილი უცხო ქალაქში მოგზაურობისას?

ამ მოგზაურობისას პირველად გადავწყვიტეთ, რომ ნაცვლად TripAdvisor-ისა Google Map-ის review-ბით გვეხელმძღვანელა და იმ საღამოსვე დავრწმუნდით, რომ ჩვენმა არჩევანმა გაამართლა. ყველაზე მეტი შეფასებისა (1300+) და საკმაოდ მაღალი რეიტინგის (4.4+) მქონე საოჯახო პიცერია trattoria caprese-ში წავედით. capreseგაგვიმართლა, რომ პიცერიაში თავისუფალი ადგილი დაგხვდა. ალბათ, მთელი ქალაქი იქ იყო თავმოყრილი, შუა ხნის მიმტანები კი ჩემზე სწრაფი ტემპით დაარბენინებდნენ შეშის ღუმელში გამომცხვარ გიგანტურ პიცებს. თითქმის არცერთ მიმტანს არ ესმოდა ინგლისური, მაგრამ რა საჭირო იყო საუბარი, როდესაც მთელი დღის ნამუშევარ მიმტანს იმის ენერგია კიდევ ჰქონდა, რომ ღვინის ბოთლი მარტივი ცეკვის მოძრაობების თანხლებით მოეტანა შენს მაგიდასთან და თბილად გაეღიმა. როგორღაც, Body Language-ს დახმარებით მოვახერხეთ შეკვეთის მიცემა და დაახლოებით 15-20 წუთიანი ცდის შემდეგ  შეშის არომატგამოყოლებული გიგანტური, ცხარე სალიამის პიცა ჩემ წინ იდო. როდესაც დესერტის დრო მოვიდა, შეგვატყვეს, რომ სუნთქვა გვიჭირდა ამხელა პიცის ჭამის შემდეგ და მხოლოდ ეტიეკტის გამო გვკითხეს, რაიმეს თუ ვისურვებდით, მაგრამ პასუხი ჩვენ მზერაზე უკვე ამოკითხული ჰქონდათ. ძნელია იქ არსებული გარემოს სიტყვებით გადმოცემა თუ თქვენ თვითონ არ გამოცადეთ. თუ ბერგამოში მოხვდებით აუცილებლად წადით trattoria caprese-ში, აუცილებლად გასინჯეთ მათი პიცები და სახლის წითელი ღვინო, ან ჩამოსასხმელი ლუდი 🙂 ფასების საშუალო რეინჯის ფონზე, უგემრიელეს რაღაცეებს დააგემოვნებთ და ნამდვილი ნეაპოლური საოჯახო პიცერიის ხიბლსაც შეიგრძნობთ. ჩვენგან 10/10 ქულა Caprese-ს 🙂

სახლში გვიან ღამით დავბრუნდით და დაძინებამდე, მეორე დღისთვის კომოს ტბაზე მოსახვედრი გზების ძებნა დავიწყეთ. კომოს ტბისა და მის გარშემო გაშენებული ჯადოსნური სოფლების შესახებ შემდეგ პოსტში მოგიყვებით.

 

Advertisements

One thought on “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s