ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ.

ფინეთი, კუნძულიჰელსინკიში შესვლის დროს გემი პატარა კუნძულებს შორის გადის. ზოგიერთი იმდენად პატარაა, რომ ზედ მხოლოდ ერთი სახლი დგას. ზოგს გაუმართლა და მეზობელიც კი ჰყავს საკუთარ კუნძულზე. ამ დროს გემის ვერანდა საუკეთესო ადგილია ფოტოებისა და თაიმ-ლეფს ვიდეოების გადასაღებად.

Viking Line-ის პორტიდან ქალაქის ცენტრამდე 20 წუთის სავალი გზაა. პორტის შენობის წინ ტრამვაის გაჩერებაა, მაგრამ გირჩევთ ხალხის მასას მიჰყვეთ, რომელიც მარცხენა მხარეს საფეხმავლო გზას გაუყვება. დაახლოებით 10 წუთში ეშმაკის ბორბალი შეგვხვდა, რომელიც, რა თქმა უნდა, დილის 10 საათზე მთლიანად ცარიელი იყო.

რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ პატარა საფეხმავლო ხიდზე გადავედით და Market Square-ზე (ჩვენებურად ბაზრის მოედანზე) აღმოვჩნდით. ეს პორტის პირას მდებარე ქვაფენილით გაწყობილი მოედანია, რომელზეც რამდენიმე ათეული თეთრი კარავია გაშლილი და ტურიტებზე გათვლილი ათასობით უსარგებლო ნივთი იყიდება. რა თქმა უნდა, შეიძლება სასარგებლო ნივთებსა და სუვენირებსაც გადააწყდეთ, მაგრამ ფასის ნიშნული შეძენის სურვილს დაგიკარგავთ. რაც შეეხება სუვენირებს, სჯობს სხვა ტურისტულ ადგილებში შეიძინოთ, სადაც ყველაფერი საშუალოდ 2 ევროთი იაფი იქნება. დახლების უკან თვალში გეცემათ ბილეთების დიდი სალარო “Kauppatori”, სადაც კუნძულ Soumenlinna-ზე მიმავალი გემის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ (ამის შესახებ დეტელურად ქვემოთ დავწერ).

რა ვნახოთ ჰელსინკიში

როგორც კი კარვების ლაბირინთს დავაღწიეთ თავი, ხელმარცხნივ გრძელი, საინტერესო არქიტექტურის მქონე ძველებური შენობა დავინახეთ და მისკენ განვაგრძეთ გზა. წარწერა გვეუბნებოდა, რომ ეს Vanha Kauppahalli ანუ ძველი ბაზრის შენობა იყო, რომელიც ჰელსინკიში სანახავ ტოპ 10 დანიშნულებაში შედის. შენობაში ორი ვიწრო დერეფანია, ორივე მხარეს ათასნაირი კაფეები და მაღაზიებია ჩარიგებული. სამსახურის წინ ყავისთვის შემოსული ხალხის რიგია არომატულ დახლებთან, რომლებსაც ჩემთვის უცნაური ზღვის პროდუქტები და ლოსის (ზოგჯერ ირმის) და დათვის ხორცის ათასნაირი სახეობა ანაცვლებს.

ფერადი ხილის თაროებს სიმეტრიულად ჩამწკრივებული ახლად გამომცხვარი ტკბილეულის მწკრივები ენაცვლება და ამ სილამაზის მხოლოდ ცქერამაც კი შეიძლება დაგანაყროთ. შესაშურად არის შენახული თითქმის 130 წლის შენობის დიზაინი, ნათელი ინტერიერი მყუდრო გარემოს ქმნის და ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს სადღაც, ჰობიტების სოფელ შაირში (Shire) აღმოჩნდი და ხის დახლებთან შენს რიგს ელოდები, რომ ახლად მოწყვეტილი გოგრა შეიძინო.

helsinki cathedralამჯერად ჰელსინკიში მხოლოდ ერთი დღით ვჩერდებოდით, ამიტომ მუზეუმები გამოვრიცხეთ და მხოლოდ ქალაქის შემოვლას დავჯერდით. სანაპიროდან 5 წუთიც არ დაგვჭირდა, რომ ჰელსინკის კათედრალის წინ აღმოვჩენილიყავით. დიდ, ქვაფენილიან მოედანს მართალაც რომ მომაჯადოვებელი სილამაზის კათედრალი გადმოჰყურებს ზემოდან, მაგრამ იქამდე ასასვლელად მრავალსაფეხუროვანი კიბის ავლა მოგვიხდა. ალბათ გახსოვთ, როგორი გაჭირვებით ადის ტაძრამდე მისასვლელ კიბეებს კუნგ ფუ პანდა, ჩვენც დაახლოვებით მსგავსი სახეებით ავაბიჯეთ ბოლო საფეხურზე 😀 ტაძარში შესვლა უფასოა, ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია სავსეა სახასიათო შთამბეჭდავი ქანდაკებებით.

helsinki railway stationკეთედრალიდან რკინიგზის მოედანზე გადავინაცვლეთ და სადგურის გრანდიოზულმა შენობამაც გაგვიმართლა იმედები.  მთავარი შესასვლელის წინ მდგარი ფიგურები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს რომელიღაც მითოლოგიურ ქალაქში მივაბიჯებდით და გაქვავებული მებრძოლები სალამს გვეუბნებოდნენ. აუცილებლად დაათვალიერეთ რკინიგზის სადგურის შიდა ინტერიერი, ის ნამდვილად იმსახურებს 15-ოდე წუთის დათმობას.

რკინიგზის მოედნიდან Kamppi Chapel-ის (სიჩუმის/ჩუმი სამლოცველო) მიმართულებით წავედით. მასიური ხის ტაძარი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია და ისეთ შთაბეჭდილებას, ტოვებს თითქოს ნოეს კიდობანმა რამდენიმე წუთით დასვენება გადაწყვიტა და შუშის შენობებს შორის გაჩერდა. სამლოცველოში შესვლა აქაც უფასოა. სასურველია, რომ შიგნით მაქსიმალური სიჩუმე დაიცვათ და რამდენიმე წუთით ქალაქის ხმაურისგან გადაღლილებმა სიჩუმით ისიამოვნოთ.

rock church, helsinkiდრო იყო კიდევ უფრო უცნაური – ქვის ტაძარი (Temppeliaukion Church) გვენახა. ლუთერანული ეკლესია მთლიანად ქვაშია გამოკვეთილი, სპილენძის გუმბათი, დიდი დარბაზის ფორმა და არაჩვეულებრივი აკუსტიკა აქვს. თუ გაგიმართლებთ, ორგანის დაკვრას შეესწრებით. ეკლესიამდე მისასვლელად ჰელსინკის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მთავარი ქუჩა – Mannerheimintie ავირჩიეთ. გამზირი სავსეა სხვადასხვა მაღაზიებითა და მრავალფეროვანი არქიტექტურის მქონე შენობებით. სამწუხაროდ დრო არ გვქონდა, რომ ბოლომდე გავყოლოდით ქუჩას, ამიტომ “ტაძრისკენ მიმავალი გზისკენ” გადავუხვიეთ. ქვის ეკლესიის გარშემო მრავლადაა სუვენირების მაღაზიები, სადაც ჩვენი გამოცდილებით ყველაზე მისაღები ფასები აქვთ. ქვის ტაძარში ადრე შესვლა უფასო იყო, მაგრამ ამჯერად 3 ევროს გადახდა მოგვთხოვეს.

სადილის დრო ახლოვდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ Esplanadi-ს პარკში წავსულიყავით, სადაც მართალია არც თუ ისე იაფი, მაგრამ კარგი რესტორანი გვეგულებოდა.  პარკი ძალიან ლამაზია, გაფორმებულია სხვადასხვა და უცნაური ქანდაკებებით. მზიან ამინდში მწვანე გაზონი ყოველთვის ხალხითაა სავსე. იანვარში კი, როდესაც ჰელსინკი სინათლის ფესტივალს მასპინძლობს, მთელი ქალაქის მაშტაბით ორიგინალური კომპოზიციები და პერფორმანსები ეწყობა განათებებით, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი სწორედ ეს პარკია.

esplanadi-Helsinkiსადილმა გაამართლა, ფეხებიც დავასვენეთ და შეგვეძლო კუნძულ Soumenlinna-ზე გადავსულიყავით.

კუნძული სოუმენლინა

დავბრუნდით კარვების მოედანზე, სალაროში ხუთ ევროდ ვიყიდეთ ბილეთი, რომელიც 12 საათის განმავლობაში აქტიურია და მფლობელს საშუალებას აძლევს ერთი დღის განმავლობაში კუნძულზე გადავიდეს და უკანაც დაბრუნდეს.

ბორანიგემით ცურვას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება, ეცადეთ მალევე ახვიდეთ გემბანზე და ადგილი დაიკავოთ, სხვა შემთხვევაში შეიძლება ფეხზე დგომა მოგიწიოთ. თვითონ კუნძული ერთ დროს ქალაქის თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა, თუმცა დღესაც მრავლად შეხვდებით ერთ დროს მტრისათვის საზარელი ზარბაზნების რიგებს. კუნძული იუნესკოს მიერ დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

გემიდან გადასვლისთანავე საინფორმაციო კუთხეს გადავაწყდით, სადაც მომღიმარმა კონსულტანტება კუნძულის რუქები დაგვირიგეს და მიმართულებაც მოგვცეს თუ საიდან უნდა დაგვეწყო ტერიტორიის შემოვლა. აუცილებლად გაჰყევით რუქაზე დატანებულ ბილიკს და არცერთ საინტერესო ადგილს არ გამოტოვებთ. ამ პატარა ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო, ისტორიული, ეგზოტიკური და ლამაზი ადგილები მოვიარეთ. გავიარეთ თავდაცვით კედლებში, დავათვალიერეთ გიგანტური ზარბაზნები, ვნახეთ წყალქვეშა გემი, ჩავედით მიწისქვეშა ბუნკერებში, გემო გავუგეთ მეფეთა კარიბჭეში გავლას, მაგრამ ყველაზე მეტი ფოტო მაინც ყვავილებით მორთულ და ერთ რიგად ჩამწკრივებულ ფერად-ფერადი ხის სახლებს გადავუღეთ 😀

(გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

კუნძულზე მრავლადაა სხვადასხვა მუზეუმები, მაგრამ დროის უქუნლობის გამო ყველას შემოვლა ვერ მოვასწარით. ალბათ ყველაზე სასიამოვნო კლდის ქიმზე დაშენებული ფართო გალავნის თავზე ჯდომა და ლუდის სმა იყო, როდესაც რამდენიმე ათეული მეტრით ქვემოთ იმავე გალავანს ბალტიის ზღვის ლურჯი ტალღები ეხეთქებოდნენ, თეთრ შხეფებად იქცეოდნენ და ამონაბერ ქარს უერთდებოდნენ.

და კვლავ ჰელსინკი

Uspenski Cathedral, Helsinki, Finlandუკვე საღამოვდებოდა, მწვანე ბალახზე წოლას გაჭირვებით შეველიეთ და უკან, ჰელსინკიში დასაბრუნებელი გემისკენ გავემართეთ. ჩვენი კრუიზის გასვლამდე დრო კიდევ გვრჩებოდა, ამიტომ პორტისკენ მიმავალ გზაზე Uspenski Cathedral მოვინახულეთ. ეს მართლმადიდებლური ტაძარია, რომელიც შემაღლებულ ადგილას დგას და თავისი გამორჩეული არქიტექტურით აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ორი პატარა საფეხმავლო ხიდია, რომლებზეც თქვენც შეგიძლიათ ბოქლომი შეაბათ.

დრო იყო გემზე, შემდეგ კი უკან ტალინში დავბრუნებულიყავით….

helsinkis biblioteka.jpgპ.ს. თუ რამდენიმე დღით გეგმავთ ჰელსინკიში დარჩენას, მაშინ აუცილებლად მოინახულეთ

  • Sibelius Monument,
  • National Museum of Finland,
  • Helsinki Tram Museum,
  • Sinebrychoff Art Museum,
  • Linnanmaki,
  • Ateneum,
  • Finnish National Gallery,
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (სადაც ასეთ მყუდრო გარემო დაგხვდებათ. უზარმაზარი ფანჯრები, სავარძლები, რომ მოკალათდეთ და იკითხოთ)
  • ჰელსინკის ზოოპარკი

და ბოლოს: ჩვენი ბოლო გასეირნების ვიდეო ფინეთიდან – ჰელსინკი და სოუმენლინა

ბონუსად, ქუჩის მუსიკოსები ჰელსინკიდან

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s