Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

Berlini

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით.

კარგია, რომ ბერლინში პირველად არ ვართ, რაც ჩვენი აპარტამენტისაკენ რუკის გარეშე ორიენტირის აღებაში გვეხმარება. 10 წუთიც და შევძლებთ ნორმალურად დავისვენოთ, ხვალ კი ბერლინი გველოდება.

დღე 2

tv (1)დილა  ალექსანდრპლაცზე მდებარე სატელევიზიო ანძის დათვალიერებით დავიწყეთ, 13 ევროს სანაცვლოდ (სტუდენტებისთვის -20%) შეგიძლიათ ბერლინის ყველაზე მაღალ წერტილში – მიწიდან 207 მეტრზე აღმოჩნდეთ და არაჩვეულებრივი პანორამით ისიამოვნოთ.

ტელეანძიდან სეირნობით გავუყევით გზას. ალექსანდრეპლაცის გავლის შემდეგ, ბერლინის მერიის შენობასა და ბერლინის ყველაზე ძველ ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის Nikolai-Kirche-ს ჩავუარეთ. არ გასულა დაახლოებით 5-10 წუთი, რომ მუზეუმების კუნძულზე (Museumsinsel) აღმოვჩნდით, რომლის მთლიანად დასათვალიერებლად ერთი სრული დღეც კი არ არის საკმარისი.  პირველი რაც თვალში მოგვხვდა ბერლინის შთამბეჭდავი კათედრალია, რომელშიც შესვლა 7 ევრო ღირს. მის გვერდით კი დიდი მწვანე გაზონისა და შადრევნების უკან ბერძნულ-რომაული არტეფაქტებისა და ქანდაკებების მუზეუმის სვეტოვანი შენობა იწონებს თავს.

Berlin Dome

მუზეუმების კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და აერთიანებს შემდეგ მუზეუმებს: Altes Museum, Neues Museum, Pergamon Museum, Alte National Galerie, და Bode Museum.  ყველა მათგანში მოსახვედრად 18 ევროიანი ბილეთის ყიდვა მოგიწევთ, მაგრამ ერთი კონკრეტული მუზეუმის ბილეთის შეძენა და მონახულებაც შესაძლებელია.

Burgoკუნძულის გავლის შემდეგ ქუჩა დიდ შენობებს შორის გრძელდება. გერმანიის ისტორიის მუზეუმის, ოპერის, ბერლინის უნივერსიტეტისა და ბიბლიოთეკის შენობისთვის გვერდის ავლის შემდეგ ბრანდენბურგის თაღის  წინ აღმოვჩნდით. ეს ადგილი ნამდვილად ამართლებს მოლოდინს და იმსახურებს იყოს ბერლინის სიმბოლო. საკმარისი ფოტოების გადაღების შემდეგ მარჯვნივ, რაიხსტაგისკენ ავიღეთ გეზი.

რაიხსტაგის შუშით გაფორმებულ გუმბათში მოსახვედრად, საჭიროა წინასწარ დარეგისტრირდეთ უფასო ტურში და ზუსტად დათქმულ დროს ესტუმროთ რაიხს.

ჩვენც მომდევნო დღისთვის ჩავეწერეთ და რაიხსტაგიდან 20-ოდე წუთის სავალ მანძილზე მდებარე გამარჯვების  სვეტის (Victory column) სანახავად წავედით, რომელიც Tiergarten-ის პარკის ზუსტად ცენტრში მდებარეობს. შებინდებისას პარკი სავსე იყო მოსეირნე და მორბენალი ხალხით, თითქმის ყველა კუთხეში მოსაწევის სუნი იდგა, რომელსაც მოხუცი წყვილები ცდილობდნენ არ შეემჩნიათ. გამარჯვების სვეტზე ასასვლელ ბილეთში 3 ევრო გადავიხადეთ და ნამდვილად ღირდა იმ პანორამისთვის, რომელიც ბოლო სართულიდან მთლიან პარკზე იშლებოდა. გზა პარკის მეორე მხარეს გავაგრძელეთ, სიტუაცია ისევ იგივე იყო: მორბენლები, მოხუცები, გასულები. დაახლოებით 10 წუთიანი სეირნობის შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ებრაელების მემორიალთან აღმოვჩნდით. ძნელია შთაბეჭდილების ქვეშ არ აღმოჩნდე, როდესაც დიდ, სიმეტრიულ, ერთფეროვან და მუქ სვეტებს შორის ჩამალულ ვიწრო ლაბირინთში დაიკარგები.

holocaust memorial

დრო იყო სახლში წავსულიყავით, ცოტა დაგვესევენა და ღამის ბერლინისთვის მოვმზადებულიყავით.

ბერლინი ღამით

ბერლინის ყველაზე ცნობილი კლუბები ქალაქის ინდუსტრიულ ნაწილშია თავმოყრილი. ცუდად განათებული ქუჩები სავსეა ყოფილი ქარხნების შენობებით, რომლებიც დღეს ბერლინის ღამის ცხოვრებას აქვს ათვისებული და იქ მოხვედრილებს რამდენიმე დღით იტოვებს თავისთან. აუცილებლად წადით ბერგჰაინში, თუ გაგიმართლებთ შეიძლება შიგნითაც კი შეხვიდეთ (ყველაზე მოკლე რიგი ორშაბათს, გამთენიისას არის 5-6 საათზე.), თუ ვერ მოხვდებით არც ეგაა დიდი პრობლემა, ბერლინი ხომ სავსეა მსოფლიოში საუკეთესო კლუბებით. მაშ ასე, ბერგჰაინში ვერ შესვლის სიბრაზე თავისუფლად შეუძლია დაგავიწყოთ ამ კლუბებმა: Watergate, Sisyphos, Tresor, :// about blank, Salon zur Wilden Renate, KitKat, Club Der Visionaere. რა თქმა უნდა ბევრი სხვა კლუბებიცაა ბერლინში, მაგრამ ბერგჰაინის შემდეგ მე ამათ გავუწევდი რეკომენდაციას. შესვლა საშუალოდ 5-15 ევრო ღირს და ყველაფერი იღება შიგნით 😀

ძალიან საინტერესო ადგილია Goerlitzer Park, რომელიც ქალაქის იმავე ნაწილში მდებარეობს სადაც კლუბების უმეტესი ნაწილია თავმოყრილი.  დღისით არაფრით გამორჩეული, სასეირნოდ და საპიკნიკოდ გამოსული ხალხით სავსე ძალიან დიდი პარკი ღამით თავის ბნელ მხარს აჩენს. უბრალოდ დაგუგლეთ ეს პარკი და პირველი  ორი-სამი სტატიის სათაურიდანვე მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ ბნელ მხარეში. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მანდ ყველაფერი ხარისხიანი იღება 🙂 (პ.ს. ვაჭრობა ჭრის).

დღე 3 

ღამის გართობა და ხარისხიანი მუსიკა კარგია, მაგრამ ჩვენი სიიდან ჯერ კიდევ ბვრი ადგილი გვქონდა დარჩენილი სანახავი. დღე შემდეგნაირად დავგეგმეთ:

  • East Side Gallery
  • აღმოსავლეთ ბერლინის უბნები
  • Checkpoint charlie
  • Blackbox Cold War
  • Topography of Terror – ტერორის ტოპოგრაფია
  • Berlin Wall Memorial – ბერლინის კედლის მემორიალი
  • Potsdamer Platz – პოსტდამერ პლაცი
  • Reichstag – რაიხსტაგი
  • Gendarmenmarkt

wallალექსანდრპლაციდან პირდაპირ East Side Gallery-სკენ წავედით სეირნობით. გადავწყვიტეთ ცოტა დიდი წრე დაგვერტყა და Karl-Marx-Allee-ს გავყოლოდით, სადაც უკეთ იგრძნობა აღმოსავლეთ ბერლინის არომატი. სულ რაღაც 5 წუთიც არ დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბერლინიდან პირდაპირ გლდანში აღმოვჩენილიყავით. საბჭოურ სტილში აშენებული ერთნაირი თეთრი კორპუსები, საბჭოთა სიმბოლოებით გაფორმებული კედლები, განიერი გზები და ფართო მოედნები, ცენტრში აღმართული შადრევნებითა და ქანდაკებებით. როგორც ჩანს მოვლილი და კარგად შემონახული, საბჭოთა არქიტექტურაც კი შეიძლება საინტერესო სანახავი იყოს.  East Side Gallery კედლის 1316 მეტრიანი მონაკვეთია, რომელიც Street Art ნახეტებით არის გაფორმებული. ბევრ ცნობილ და უცნობ კომპოზიციებს გადააწყდებით აქ, რომელთა ფერები და პეიზაჟები მთელ კედელს მიყვება, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პანორამას ქმნის.

chchკედლის შემოვლის შემდეგ Checkpoint Charlie-ს სანახავად წავედით. ქუჩის შუაში  მდებარე ისტორიას გადარჩენილი ხის სამორიგეო, აშშ-ს და საბჭოთა კავშირის დროშები, ძველ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მსახიობები და მათ ფონზე ათობით მომღიმარი ტურისტი. სელფის ჯოხებით შეიარაღებულები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ სხვებზე უკეთესი ფოტო გადაიღონ საგუშაგოს ფონზე…. კი, ჩვენც ჩავებით ამ ომში…. ბოლოს დავნებდით 😦 …..

ჩექ-ფოინთის მოპირდაპირე მხარეს მე-20  საუკუნის ისტორიული ფოტოებით გაფორმებული კედელია, რომლის შიგნით Blackbox Cold War მდებარეობს. ეზოში შესვლა უფასოა, უშაუალოდ პატარა მუზეუმში შევლის საფასური კი 5 ევროა. მეეჭვება შიგნით რაიმე საინტერესო ყოფილიყო, ამიტომ მხოლოდ ეზოს დათვალიერებით შემოვიფარგლეთ და იქვე  მდებარე ფოტო ჯიხურშიც აუცილებლად გადასაღები ფოტო გადავიღეთ.

შემდეგი დანიშნულების ადგილი Topography of Terror და Berlin Wall Memorial იყო. ფეხით, იქამდე მისასვლელად დაახლოებით 10 წუთი დაგვჭირდა. “ტერორის ტოპოგრაფია” ყველასთვის უფასო მუზეუმია, სადაც გამოფენილი აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალები ნაცისტური მმართველობის სისასტიკეს ასახავს. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ბევრ საინტერესო და უცნობ ისტორის წაიკითხავ თუ მოისმენთ ამ მუზეუმში, ასე რომ ეს ადგილი აუცილებლად ჩაამატეთ თქვენს სამოგზაურო რუქაში. მუზეუმის ეზოშივეა განლაგებული Berlin Wall Memorial, რომელიც ბერლინის კედელის ნაწილს წარმოადგენს და მასზე გამოფენილია გაყოფილი ბერლინის ისტორიული ფოტოები. გაგვიმართლა და მუზეუმში შესვლაზე რიგი არ იყო, ამიტომ დახლოებით 40 წუთში მთლიანად შემოვიარეთ და Potsdamer მოედნისკენ გავეშურეთ.

ისევ 10 წუთიანი სეირნობა და ამჯერად უკვე გიგანტური შენობების შუაგულში ამოვყავით თავი. 7,5 ევროს სანაცვლოდ სამი ცათამბრჯენიდან ყველაზე მაღალზე, Kollhoff Tower-ის სახურავზე შეგიძლაით მოხვდეთ და ბერლინის პანორამით კიდევ ერთხელ იჯეროთ გული. სანამ ლიფტისკენ გავემართებოდით, მანამდე ცათამბრჯენების უკან მდებარე Deutsche Kinemathek-ის გუმბათოვან შენობაშიც შევიხედეთ. ეს გიგანტური შუშის შენობა იდეალური ადგილია 360 გრადუსიანი პანორამის გადასაღებად და ჩვენ ამის გამმაზველები ვიყავით? 😀

ddd

უკვე რაიხსტაგისაკენ უნდა წავსულიყავით, რომ არ დაგვეგვიანა და დაჯავშნულ დროს შესასვლელთან ვყოფილიყავით. მკაცრი უსაფრთხოების კონტროლის გავლის მერე ჯგუფთან ერთად ლიფტით აგვიყვანეს გუმბათთან, სადაც უფასო აუდიო გიდების ყურსასმენები დაგვირიგეს. შუშის გუმბათის მთლიანად შემოსავლელად დაახლოებით 30 წუთი დაგვჭირდა. აუდიო გიდი კი იდეალურ მეგზურობას გვიწევდა და დეტალურად გვიყვებოდა გუმბათიდან დანახული ბერლინის ყველა მნიშვნელოვანი შენობის ისტორიას. რა თქმა უნდა, არც აქ დაგვიწყებია 360 გრადუსიანი ფოტოს გადაღება 🙂

12615361_1187694697908136_8399375817226443618_o

იმ დღისათვის ბოლო დანიშნულების ადგილი Gendarmenmarkt იყო, მაგრამ ამ დროს გაგვახსენდა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან მაინც გვჭირდება ჭამა. ნერწყვის ყლაპვით ჩავუარეთ ქუჩებში ჩამწკრივებულ თურქულ საშაურმეებს და იქიდან გამოსული შემწვარი ხორცის სუნთანაც მძიმე ბრძოლის გადატანა მომიწია, მაგრამ იმ დღეს ბავარიული სოსისი უნდა გვქონოდა მენიუში. Einstein unter den Linden-ში კარგი გერმანული კერძები იღება, რაც მთავარია ლუდის დიდი არჩევანი აქვთ და ფასებიც მისაღებია (ავტ. შენ: ახლაც ძალიან მშია, ამიტომ დეტალების გახსენებისგან თავს შევიკავებ 😀 ).

3

Gendarmenmarkt დიდი მოედანია, რომელზეც სამი თეთრი, გუმბათოვანი შენობა დგას, მათ შორის, მოედნის ცენტრში კი რამდენიმე საინტერესო ქანდაკებაა. მარცხენა და მარჯვენა შენობები კათედრალებია, შუაში კი როგორც მახსოვს საკონცერტო ან ოპერის დარბაზია. თოვლის ნამქერი კიდევ უფრო ალამაზებდა ისედაც თეთრ ფერში გაფორმებულ მოედანს და ამჯერად 180 გრადუსიანი ფოტოს გადასაღებად ქმნიდა იდეალურ გარემოს. კათედრალებში შესვლის აღარც თავი და აღარც დრო არ გვქონდა, ფეხები უკვე სრული სერიოზულობით გვეხვეწებოდნენ დასვენებას. ჩვენც მეტი რაღა დაგვრჩენოდა, გეგმა შესრულებული გვქონდა და დრო იყო ჩვენი აპარტამენტისკენ აგვეღო გეზი…

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s