ტალინის და ესტონეთის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია უკვე ტალინში ვცხოვრობთ ბლოგის ორივე ავტორი, ამ ქალაქზე პოსტი არ დაგვიწერია, რაც მგონი დიდი უსამართლობაა, რადგან ნამდვილად ბევრი რამ შეგვიძლია მოგიყვეთ ამ პატარა, ფერად, მაგრამ ცივ ქალაქზე.

tallinn-winter-panorama.jpg

ზოგადი ინფორმაცია ტალინის და ესტონეთის შესახებ

ტალინი ესტონეთის დედაქალაქია და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. 1918 წლამდე ქალაქს “რევალი” ეწოდებოდა თურმე. დღესაც ძალიან ბევრ რამეს შეხვდებით ამ დასახელებით: ქუჩას, მაღაზიებს, კაფეებს, კლუბებს და ა.შ. ტალინში ესტონეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს: დაახლოებით 445 000 ადამიანი, ფართობი კი 160 კმ²-ია (შედარებისთვის: თბილისს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს).

ჩვენი არ იყოს, ესტონეთმა და ტალინმაც უამრავი ჭირ-ვარამი გამოიარა. ხან სკანდინავიელების მმართველობის ქვეშ იყო, ხან რუსების და ხანაც გერმანელების.

ტალინის “ძველი ქალაქი”, old town ანუ ცენტრალური, ძველი ნაწილი სხვა ევროპულ შუასაუკუნეებრივ ქალაქებთან შედარებით ბევრად უკეთესადაა შემონახული  და იუნესკოს მიერაა დაცული. მიუხედავად გარეგნული სიძველისა, ესტონეთი წარმატებით იჩემებს ევროპული “სილიკონ ველის” სახელს. სტარტაპების ოდენობით ბევრ ქვეყანას უსწრებს (მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით სტარტაპების ოდენობასთან – საერთოდ პირველზეა :D), მსოფლიოს TOP 10 ციფრულ ქალაქშიც იკავებს ადგილს. ესტონელებს საკუთარი ციფრული უპირატესობების ხაზგასასმელად მაგალითად ხშირად მოჰყავთ წარმატებული სტარტაპები, რომლებმაც სტარტი ესტონეთში აიღეს: მაგ. სკაიპი, ტაქსიფაი და ა.შ.

ტალინი ყოველწლიურად 4,3 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. ქალაქის ცენტრი ყოველთვის (განსაკუთრებით ზაფხულის თბილ და მზიან თვეებში) სავსეა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებით.

თუ თქვენც ტალინში მოხვდებით, რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რა შეგიძლიათ ნახოთ:

ტალინი, ძველი ქალაქი

Old town-ი, იგივე Vanalinn  ესტონურად

Kohtuotsa-viewing-platform-Kadi-Liis-Koppel.jpg

ტალინის ძველი ნაწილი აუცილებლად ფეხით უნდა შემოიაროთ. ძალიან პატარაა და ტრანსპორტი ნამდვილად არ გჭირდებათ. ამასთან, ქალაქის ამ ნაწილში ტრანსპორტი არც მოძრაობს, მხოლოდ ფეხით სეირნობას შეძლებთ.

დაიწყეთ სეირნობა თავისუფლების მოედნიდან (Vabaduse Väljak), ნელ-ნელა შეჰყევით ვიწრო ქუჩებს და და თავს ძველი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამოჰყოფთ.

მოედნიდან ადვილად აღმოჩნდებით “გადმოსახედზე”, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულზე გადაგეშლებათ.

ციხე-გალავანი

ქალაქის ძველ ნაწილს გარშემო ციხე-გალავანი აკრავს, რომელსაც ერთ დროს, რა თქმა უნდა, დაცვის ფუნქცია ჰქონდა. დღეს კი თანამედროვეობასა და ძველ ქალაქს ერთმანეთისგან ეფექტურად მიჯნავს (დააჭირეთ სურათებს გასადიდებლად).

 

taliniგალავნის ერთ ნაწილში ასეთ საშიშ არსებებსაც შეხვდებით. მე თუ მკითხავთ, ძალიან ჰგვანან დემენტორებს, განსაკუთრებით კი ღამით. სინამდვილეში უბრალოდ ბერების ძეგლებია, რა თქმა უნდა 🙂

წმ. კატრინის გასასვლელი

St-Catherines-Passage-96753

კატრინის გასასვლელი/ჩიხი ვიწრო, ქალაქში ჩაკარგული პატარა ქუჩაა, შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი ტიპიური არქიტექტურით. სეირნობისას შესაძლოა შემთხვევითაც წააწყდეთ. ღამით და ზამთარში კიდევ უფრო შთამბეჭდავია . მონახულება, რა თქმა უნდა, უფასოა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ფეხით სეირნობით რომ გულს იჯერებთ, შეგიძლიათ ამ რამდენიმე ადგილს ესტუმროთ:

წმ. ოლაფის ეკლესია

წმ. ოლაფის სახელობის ეკლესია ყველაზე მაღალი შენობაა, რომლის სახურავიდანაც ძველ ქალაქსა და ზღვაზე ულამაზესი ხედი იშლება. სახურავამდე ასასვლელად ძალიან ბევრი საფეხურის ავლა მოგიწევთ. ძალზედ დამღლელია. ადიხარ, ადიხარ და გგონია აღარასდროს დასრულდება ეს ხის საფეხურები :/ მაგრამ ხედი იმდენად ლამაზი, ნათელი და შთამბეჭდავია, რომ ასვლისთანავე გავიწყდება, რა ტანჯვა გამოიარე აქამდე ამოსაღწევად 😀 (დააჭირეთ სურათებს გასადიდებლად).

 

ამ სამი ფოტოდან ბოლო (მარჯვენა) ჩემი გადაღებულია წმ. ოლაფის ეკლესიიდან. შეგიძლიათ შეაფასოთ, როგორი ხედით გელით და მერე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა ასვლა 😀 ფასი სულ რაღაც 2 ევროა. ჩემი რჩევა იქნებოდა, ასვლისთვის მზიანი დღე შეარჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ნისლის ან მოღრუბლული ამინდის გამო ვერც ვერაფერი დაინახოთ.

რუსული ეკლესია

ნევსკი.JPGალექსანდრ ნევსკის კათედრალი ყველაზე დიდი, ფერადი და ადვილად შესამჩნევი ტაძარია ტალინში. ეკლესია 1900 წელს აშენდა, რუსეთის იმპერიის ქვეშ მყოფი ესტონეთის ტერიტორიაზე და ტიპიური რუსული არქიტექტურით გამოირჩევა. ეკლესია დღესაც მოქმედია და მრევლი ჰყავს. შესვლა უფასოა.

 

მუზეუმები ტალინში

ნიგულისტეს მუზეუმი – წმ. ნიკოლოზის ეკლესია

Tallinna_Niguliste_kirik_22-03-2013ერთ დროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია დღეს ნიგულისტეს მუზეუმია და შუა საუკუნეების ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშების დათვალიერების საშუალებას გაძლევთ. მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, მიგნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. შესვლა ფასიანია და 6 ევრო ღირს.

კადრიორგი, სასახლე და პარკი

Kadriorg Palace

კადრიორგი ფერადი, ბაროკოს სტილის სასახლეა, მე-18 საუკუნეში რუსეთის მეფე პეტრე I-ის მიერ აშენებული. სასახლის ყველა დარბაზი დღემდე შესანიშნავადაა შემონახული.

დღესდღეობით შენობაში ხელოვნების გალერეაა განთავსებული: იმართება საინტერესო მუსიკალური კონცერტები და გამოფენები და დამთვალიერებლებიც უხვად ჰყავს. შესვლა 6.5 ევრო დაგიჯდებათ

rahvapark.jpg

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი, მთელი ტალინის მაშტაბით, კადრიორგის პარკია. სიმწვანე, სიმშვიდე, პატარა ტბები, შადრევნები, მშვიდად მოსეირნე ხალხი, იაპონური ბაღი და ა.შ. შეგიძლიათ მშვიდად გახვიდეთ, წამოწვეთ, მზეს მიეფიცხოთ და დაისვენოთ.

ტოომპეას სასახლე

DJI_0530+Kaupo+Kalda_.jpgტოომპეას სასახლეში დღეს ესტონეთის პარლამენტია განთავსებული, წლების წინ კი ქვეყნის ყველა მმართველი აქედან განაგებდა ესტონეთს.

დათვალიერების მსურველებს შეგიძლიათ წინასწარ დარეგისტრირდეთ უფასო ტურებზე, რომელიც 45 წუთი გრძელდება და ესტონური, რუსული ან ინგლისურენოვანი გიდის მომსახურებაც შედის.

ზემოთ აღწერილი ადგილების დათვალიერება 1 დღიანი ტურის განმავლობაშიც შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. თუ ტალინში საბოდიალოდ უფრო მეტი დრო გაქვთ, ქვემოთ მოცემულ სიას მიჰყევით: 

Seaplane Harbour

seaplane harbourSeaplane Harbour ერთ დროს ავია/საზღვაო ანგარი გახლდათ, დღეს კი მუზეუმადაა ქცეული. მთავარი სანახობა უზარმაზარი წყალქვეშა ნავია, რომელშიც შიგნით შესვლაც შეგიძლიათ, სურათების გადაღებაც და გემის მართვის იმიტაციაც. მთლიანად მუზეუმში 200-მდე ექსპონატია. წყალქვეშა ნავის გარდა, ესტონეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი, ვიკინგების გემიცაა გამოფენილი. შესვლის საფასური 14 ევროა.

Open Air Museum

open air museumმუზეუმი ღია ცის ქვეშ – დაახლოებით ისეთია, როგორც ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი. შესვლის შემდეგ პატარა ესტონურ, შუასაუკუნეების სოფელში აღმოჩნდებით, რომელსაც ნამდვილი სოფლისთვის საჭირო ყველა დაწესებულება აქვს: ეკლესია, სკოლა, საცხოვრებელი სახლები… ხალხიც შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლით  და გადაადგილების საშუალებებით დადის.

შუა საუკუნეების ესტონეთში გასეირნებისთვის 9 ევროს გადახდა მოგიწევთ.

KUMU მუზეუმი

kumu muzeum.jpgკუმუ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. ექსპონატები ძალიან ხშირად ახლდება და ერთხელ შევლა ნამდვილად ღირს. ტერიტორიულად კადრიორგის სასახლესთან ახლოს მდებარეობს.

იმის მიხედვით, თუ რომელი დარბაზის დათვალიერება გსურთ, ფასი 4 ან 8 ევროა.

კიდევ რა უნდა ნახოთ ტალინში?

ტალინის ზოოპარკი

თეთრი დათვი

ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა და ტრანსპორტი დაგჭირდებათ. ძალიან დიდ ტერიტორიაზე გაშლილ ზოოპარკში უამრავი ცხოველია წარმოდგენილი, თეთრი დათვის და მისი ბელის ჩათვლით (ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოდ მოსაგონრად თეთრი დათვის ბელი დარჩა და ამიტომ გამცნობთ ასეთი სიხარულით 😀 ). ზოოპარკი ერთნაირად საინტერესო ადგილია დიდებისთვის და ბავშვებისთვის. ცხოველების მონახულების გარდა, სასიამოვნო გასეირნებისა და დასვენების საშუალებას გაძლევთ.

პირიტა

პირიტაპირიტა ზღვის ერთ-ერთი საკმაოდ გრძელი სანაპიროა. კადრიორგის სასახლის მახლობლად იწყება და რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება.

სანაპიროზე პატარა ნავმისადგომიცაა იახტებისთვის. ზამთარშიც და ზაფხულშიც სასეირნოდ და დასასვენებლად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია.

როკა ალ მარე და სტროომის სანაპირო

IMG_3560.JPGზოოპარკიდან პირდაპირ გაუყევით ხის ბილიკს სტრომის სანაპიროსკენ (ჯერ კიდევ არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმის: სტრომი თუ სტროომი). ზღვის ეს ნაპირი დაჭაობებულია, ლელქაში ნებივრობს, ზედ კი ხის ხიდებით სასეირნო მონაკვეთია გაკეთებული, რომელიც ზოოპარკიდან სტრომის სანაპირომდე მიგიყვანთ. კიდევ ერთი მწვანე ადგილი წამოსაწოლად, დასასვენებლად, ბარბექიუს მოსაწყობად და უბრალოდ გასარუჯად თუნდაც 😀

სატელევიზიო ანძა

tv tower.jpgტალინის სატელევიზიო ანძა ქალაქიდან საკმაოდ შორს მდებარეობს და იქ მოსახვედრად ტრანსპორტი აუცილებლად დაგჭირდებათ. ხედი შთამბეჭდავია, შეგიძლიათ თოკგამობმულმა სახურავზეც კი გაისეირნოთ 😀 ან უბრალოდ ღია აივანზე გახვიდეთ, რომელიც ბადეებითაა კარგად დაცული.

170 მეტრის სიმაღლიდან გადმოხედვის შესაძლებლობა ნამდვილად ულამაზეს ხედს და ტალინის 360°-ით მოთვალიერების საშუალებას გპირდებათ. ზაფხულში პარაშუტებით ხტომის (ბეისჯამფინგის) ღონისძიებაც ეწყობა.

სატელევიზიო ანძის საგამოფენო დარბაზში შეგიძლიათ ცოტა ხნით რომელიმე გადაცემის წამყვანიც გახდეთ: კამერის წინ მაგიდასთან დაჯდეთ, სისულელეები ილაპარაკოთ და ჩანაწერი მეილზე გამოიწეროთ 😀

და ბოლოს:

თუ დრო საკმარისად გაქვთ და ტალინის ფარგლებსაც გსურთ გასცდეთ, ესტონეთის დათვალიერებისთვის კიდევ რამდენიმე ადგილს გირჩევთ შემდეგ პოსტში.
მათ შორის:

 

და აუცილებლად მოგიყვებით, როგორ შეძლებთ სრულიად უფასოდ  დარჩეთ ტყეში მდებარე საყვარელ კოტეჯებში ან სად და როგორ შეიძლება მოაწყოთ ველოტურები ^_^

 

(დააჭირეთ სურათებს გასადიდებლად)

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s