ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ.

ზუსტად 1 თვის წინ, იანვრის შუა რიცხვებში მე და ჩემმა ფისოებზე შეყვარებულმა ცოლმა პირველად ვიმოგზაურეთ ბელგიაში. ორი სიტყვით რომ ვთქვა “მაგარი იყო!”, მაგრამ თქვენ ხომ აქ უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის და მეტი დეტალებისთვის ხართ, ამიტომ არამგონია ეს ორი სიტყვა საკმარისი გამოდგეს 🙂 რომიდან “Ryanair”-ით დაახლოებით 2 საათიანი ფრენის შემდეგ, ღამის 11 საათზე თავი შარლეროის აეროპორტში ამოვყავით, რომელიც თავისი ზომებიდან გამომდინარე ქუთაისის აეროპორტისგან დიდად არ განსხვავდება (ორივე დაბალბიუჯეტიან ავია კომპანიებს ემსახურებიან და მგზავრთა რაოდენობასაც სრულიად იტევენ) და ბრიუსელიდან ტრანსპორტით 30-40 წუთის სავალზეა. ჩვენი გეგმის მიხედვით ბრიუსელში 2 დღე უნდა გაგვეტარებინა, საიდანაც ბრიუგეში წავიდოდით ერთი დღით, ხოლო ბრიუგედან გენტში ჩასვლა გვქონდა დაგეგმილი, რომელის დასათვალიერებლად ასევე 2 დღე სრულიად საკმარისია (ქალაქის ზოგადი გაცნობისთვის კი ერთი დღეც საკმარისია).

დავბრუნდეთ შარლეროის აეროპორტში, ქალაქში მოსახვედრად სამი გზა არსებობს:

  1.  საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსი, რომლითაც ჩახვალთ ქალაქ შარლეროიში და იქიდან მატარებლით ბრიუსელის ცენტრალურ სადგურამდე. ჯამური ღირებულება დაახლოებით 16 ევრო გამოდის.
  2. შატლი – კერძო კომპანიის ავტობუსი (რომელიც აეროპორტის გამოსასვლელშივე დგას და ბილეთი მძღოლთან იყიდება) შარლეროის აეროპორტი – ბრიუსელის ავტოსადგურის მიართულებით, რომლის ბილეთის ღირებულება 17 ევროა.
  3. მესამე ვარიანტი აეროპორტის გამოსასვლელშივე მდგარი ტაქსებია – შავი შეფერილობის მიკროავტობუსები არაბი მძღოლებითა და საკუთარი მარკეტინგული სლოგანითაც კი:  “bus ticket for 17 euro, Taxi ticket just for 15 Euro”. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მესამე ვარიანტი ყველაზე ხელსაყრელი (მგზავრობაში დახარჯული დროის მიხედვით) და “იაფი” აღმოჩნდა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე აღარ დადიოდა. რამდენიმე წამით დროში ერთი კვირით უკან გადავინაცვლოთ და აღმოვაჩენთ, რომ ჩემი პირველი შეცდომა ამ ტურნეში მის დაწყებამდე დავუშვი, როდესაც ვიფიქრე მართვის მოწმობა რაში უნდა დამჭირდეს-მეთქი, ჩალაგებული ჩანთიდან ამოვიღე და სახლში დავტოვე -_-. იმის თქმა მინდა, რომ შარლეროის აეროპორტში პატარა მანქანის ქირაობა 5-6 დღით სულ რაღაც 80 ევრო დაგვიჯდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის ფასი 0,95-1.00 ევრო იყო და ჩვენს გეგმებში 3 ქალაქის შემოვლის შემდეგ ამავე აეროპორტიდან გაფრენა შედიოდა, ეს ყველაზე კომფორტული, იაფი, სწრაფი და სასიამოვნო მოგზაურობა იქნებოდა, მაგრამ მე ხომ ჩემი ჩანთა “შევამსუბუქე უსარგებლო ნივთებისგან”.

ამასობაში ჩვენ და სხვა ექვსი მგზავრი ტაქსმა ბრიუსელის ავტობუსების სადგურში მიგვიყვანა, რომელიც ქალაქის სამხრეთით ცენტრიდან დაახლოებით ტრამვაის 6-7 გაჩერებითაა დაშორებული. უკვე ღამის 12 საათი ხდებოდა, ამიტომ სადგური ცარიელი იყო. რა თქმა უნდა, საინფორმაციოები, სალაროები და ყველა სახის ობიექტი სადგურში უკვე დაეკეტათ. ბელგიელებს საკუთარი ენა არ გააჩნიათ, ამიტომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (ბრიუგე, გენტი, ანტვერპენი) ძირითადად ჰოლანდიურად ლაპარაკობენ, სამხრეთ ნაწილში კი ფრანგულად. მიუხედავად იმისა რომ ბრიუსელი ქვეყნის ცენტრშია მოქცეული, მოსახლეობა უმეტესად ფრანგულენოვანია და, რა თქმა უნდა, წარწერებიც ყველგან ფრანგულ ან/და ინგლისურ ენაზეა. ბელგიის მოსახლეობის ნაწილმა იცის ინგლისური, მაგრამ მეტწილად ახალგაზრდებმა. შედარებით ასაკოვნებმა ფრანგული ან ჰოლანდიური.  (ჩვენ ბელგიაში ყოფნის დროს სულ იმაზე ვხალისობდით ორი მოხუცი რომ შეხვდეს ერთმანეთს ერთი ბრიუსელიდან და მეორე-გენტიდან ერთმანეთს როგორ უნდა დაელაპარაკონო?! როცა ორივენი ბელგიელები არიან 😀 ) ჩვენ არ გაგვიმართლა, სადგურში წარწერები ფრანგულად  არის. :/  სადგურის მეორე მხარეს, გასასვლელის წინ ტრამვაის გაჩერებაა, ქუჩაში მოსეირნე ერთადერთმა ადამიანმა ფრანგულ-ინგლისურ-ბოდილენგვიჯურით ძლივს აგვისხნა, რომ მოპირდაპირე მხარეს გაჩერებაზე უნდა დავლოდებოდით ტრამვაის და 6-7 სადგურის შემდეგ ჩამოვსულიყავით.  ტრამვაიც ისე მალე მოვიდა ბილეთი სად უნდა აგვეღო ვერ გავერკვიეთ, ჩვენს შემდეგ ვინც ამოვიდა არავის აუღია ბილეთი და შემდგომშიც არცერთ ბელგიურ ქალაქში და არც ქალაქებს შორის მატარებელში არავის არ შეუმოწმებია ჩვენი ბილეთები, თუმცა გირჩევთ ყოველთვის იქონიოთ შესაბამისი მგზავრობის ბილეთი, თორემ ერთ მშვენიერ ან არც თუ მშვენიერ დღეს თქვენთანაც მოვა “ბუა”. 😀

ზოგადად ბელგიაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში (ალბათ იმიტომ რომ ევროპის დედაქალაქია :?) სასტუმროს ან ჰოსტელის დაქირავება იაფი არ ჯდება. ჩვენც  Airbnb.com გამოგვეცხადა მხსნელად და ძალიან კარგ ფასად მოვახერხეთ პატარა, მყუდრო თუმცა არც ისე თანამედროვე ოთახის ქალაქის შუაში, ცენტრალურ ქუჩაზე ქირაობა. ზოგადი რჩევა: თუ არ იცით ქალაქის რომელ უბანში უნდა იქირაოთ ბინა, უბრალოდ გახსენით google map და  ეცადეთ თქვენთვის შესაბამისი სასტუმრო იმ ადგილთან ახლოს იპოვოთ, სადაც რუქაზე ქალაქის სახელი წერია, რადგან ეს წერტილი ყოველთვის ქალაქის ცენტრია. 😀 თუ მოახერხებთ და ქალაქის ცენტრში დარჩებით, ამით შიდა ტრანსპორტის ხარჯებსა და დროს დაზოგავთ, შეძლებთ ფეხით შემოიაროთ ქალაქი, ნახოთ მისი ყველა წვრილმანი და შეიგრძნოთ იქაურ ხმაურს შერეული ქალაქის სურნელი. არასოდეს იყიდოთ ქალაქის ტურისტული რუქები, რადგან ყველა საინფორმაციო ცენტრში (აეროპორტში, ტურისტულ ზონებში, სკვერებში, ქუჩებში) ისინი უფასოდ ვრცელდება.

grand-palace-brussels-city-wallpapers-1920x1200.jpgბრიუსელის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა Grand Palace-ია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მის წინ კი ძველი შენობებით გარსშემორტყმული ცნობილი მოედანია, სადაც გაზაფხულობით ყვავილების ფესტივალი იმართება და დაუვიწყარი ყვავილების პერფორმანსი ეწყობა. ქალაქის სიმბოლოს პატარა “თავხედი” ბიჭუნას ქანდაკება წარმოადგენს, რომელიც Grand Palace-დან სამხრეთით ფეხით 5 წუთის სავალზეა მდებარეობს. ბიჭუნას ქანდაკების წინ ჩამწკრივებულია ბელგიური ვაფლების მაღაზიები და ძალიან ძნელია თავი დააღწიოთ იქ გამეფებულ შოკოლადისა და ვაფლის სურნელს ისე, რომ სულმა არ წაგძლიოთ. იმასაც გეტყვით, რომ აქ ვაფლი (გაფორმების გარეშე) მთელს ქალაქში ყველაზე იაფი – 1 ევრო ღირს და ეს ფასი სიმბოლურია. რაც შეეხება ბელგიურ შოკოლადს, აჯობებს თუ ბრიუგეში იყიდით ხელნაკეთ გემრიელობებს. Saint -Michel Cathedral დაახლოებით იგივე მანძილზეა Grand Palace-დან, როგორც ბიჭუნას ქანდაკება, თუმცა უფრო ჩრდილოეთით. მე თუ მკითხავთ, ნამდვილად ღირს უკან აბრუნება და ულამაზესი ტაძრის ნახვა. ტაძრიდან უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთითაა Place Royal, რომელიც ბელგიის სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენს და ნამდვილად იმსახურებს თუნდაც გარედან თვალის შევლებას.

atomium.jpgჩემი ერთ-ერთი რჩეული ღირსშენსანიშნაობა თანამედროვე ბრიუსელის სიმბოლოა – Atomium. ის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ცენტრიდან ტრამვაით მოხვდებით დაახლოებით 8 გაჩერების გავლის შემდეგ. ატომიუმში შესვლა ფასიანია და 5 საათამდე მუშაობს. მასში განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ტურისტული ცენტრები და სხვა საინტერესო დაწესებულებები. გირჩევთ აუცილებლად ინახულოთ Magritte-ს მუზეუმი, რომელსაც რუკაზე Mont Des Arts-ის დასახელებით იპოვით, სამწუხაროდ ჩვენ მისი დათვალიერება ვერ მოვასწარით. :/ მუზეუმი Grand Palace-დან დაახლოებით 5 წუთის სავალზეა აღმოსავლეთით.

აუცილებლად სანახავ ადგილს მიეკუთვნება Parc Du Cinquantenaire , სადაც ბრიუსელის ტრიუმფალური თაღი მდებარეობს. სიმწვანეში ჩაფლულ ამ პარშკი ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ 15 წუთიანი სეირნობის შემდეგ მიხვალთ. ის მოიცვას სამხედრო და ისტორიულ მუზეუმებს.  სხვა მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილებია: Belgian Comic strip center, Belgian royal museum of fine art, Norther city center, Notre-Dame Du Sablon (ასევე გრანდიოზული კათოლიკური ტაძარი ქალაქის ცენტრში, რომელის შუშებიც გაფორმებულია მომაჯადოვებელი მოზაიკით), Chateau Royal, Basilique Nationale Du Sacre Coeur, Abbaye de la cambre.

როგორც უკვე ვთქვი, ბრიუსელი ევროპის დედაქალაქია და აბა ისე როგორ იქნებოდა, რომ ევრო პარლამენტის, ევრო კომისიის, და ნატოს შტაბბინის შენობები აქ არ ყოფილიყო. გარდა ისტორიული ნაწილისა, შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ მთელი მსოფლიოსთვის თუ არა ევროპისთვის კი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებების შენობები. ევრო პარლამენტის შენობაში ტურისტებისთვის ეწყობა სპეციალური ტურები, მაგრამ ჩვენი ვიზიტის დროს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გაუქმებული იყო მსგავსი ტურები.

xl_8091_belgian-beer-finedininglovers-TP.jpgრამდენიმე სიტყვით გართობასაც შევეხები. ბრიუსელი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. კლუბები, ბარები და რესტორნები მთელი ღამე სავსეა ტურისტებით და ადგილობრივებით. ჩემი უსაყვარლესი ნაწილი – ლუდი! ბელგია ლუდის ერთ-ერთი სამშობლოა, როგორც ერთ-ერთ ბარში მითხრეს ჩვენ ორი ათასამდე (!!!!)(ორი ათასი, 2 000!!!!)(ოოოოორიიიიიიათააააასიიიიი!!!) განსხვავებული ლუდი გვაქვსო. მაგალითისთვის, რაც ჩვენთან ყველაზე ცნობილია Hoegaarden და Leffe შემიძლია დავასახელო. აუცილებლად გასინჯეთ რაც შეიძლება ბევრი ბელგიური ლუდი, რომელიც არც ისე ძვირი ღირს ადგილობრივ ბარებსა და მაღაზიებში.მე რაც შემეძლო თავს ძალა დავატანე და ათზე მეტი ლუდის გასინჯვა მოვასწარი, რის შემდეგაც ჩემმა ცოლმა (აი ის ფისოები რომ უყვარს) ბარიდან გამომიტანა და სახლში წამიღო.

უკვე ათას სიტყვას ავცდი ამ პოსტში, თან მგონი ამომწურავად ვილაპარაკე ბელგიაზე. შემდეგ პოსტში თემას ბრიუგეთი და გენტით გავაგრძელებ. თუ რაიმე კითხვები კიდევ დაგრჩათ ბრიუსელის შესახებ, Feel free და მოგვწერეთ ნებისმიერ დროს ამავე პოსტის კომენტარებში, კონტაქტის ფორმის დახმარებით ან Facebook-ის გვერდზე. ვეცდები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმაროთ და დაგაგეგმინოთ ბელგიური ტური 🙂  ამასობაში ჩემი საყვარელი გუნდის თამაში დაიწყო და დროა წერიდან ქომაგობაზე გადავიდე ^^…. To be Continued…..

მეორე ნაწილი

Advertisements

5 thoughts on “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

  1. ისე მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ კიდეც შეძლებისდაგვარად ვიმოგზაურო, შენმა პოსტმა სურვილი გამიჩინა ბელგიის ხილვის 🙂 მადლობა და წარმატებები 🙂

    Like

  2. ეს პოსტი წავიკითხე ორ ნაწილად
    1.როგორ მოვხვდეთ ბრიუსელში
    2. რა ვნახოთ ბრიუსელში

    ორ ნაწილად – ანუ, ორი დღე ვკითხულობდი 😀

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s